დაწერილია 1986 წლის 8 იანვარს
დღეს კიდევ ერთი დაიჭირეს, ყველაფერი გაზეთებშია. „მოზარდი კომპიუტერული დანაშაულისთვის დააკავეს“, „ჰაკერი
საბანკო სისტემაში უნებართვოდ შეღწევისთვის დააკავეს“...
წყეული ბავშვები. ყველანი ერთნაირები არიან.
თქვენ კი, თქვენი ვადაგასული ფსიქოლოგიური თეორიებითა და 50-იანების ტექნოლოგიური თვალთახედვით, ოდესმე
ჰაკერისთვის ჩაგიხედავს თვალებში? ოდესმე გიფიქრიათ, რა ამოძრავებს, რა ძალებმა მოახდინეს მისი ფორმირება, რას
შეეძლო მისი ჩამოყალიბება?
მე ვარ ჰაკერი, შემოაბიჯეთ ჩემს სამყაროში...
ჩემი სამყარო დასაბამს სკოლიდან იღებს.
მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე დანარჩენი ბავშვების უმეტესობა; ეს ნაგავი, რასაც აქ გვასწავლიან,
ჩემთვის მოსაბეზრებელია...
წყეული ჩამორჩენილი მოსწავლე. ყველანი ერთნაირები არიან.
მე დაწყებით თუ საშუალო სკოლაში დავდივარ. ვუსმენ მასწავლებლებს, რომლებიც მეთხუთმეტედ ხსნიან, როგორ
შევკვეცოთ წილადი. გავიგე. „არა, ქალბატონო სმით, ნამუშევარი ფურცელზე არ გადამიტანია, — გონებაში
გავაკეთე...“
წყეული ბავშვი. ალბათ გადაიწერა. ყველანი ერთნაირები არიან.
დღეს აღმოჩენა გავაკეთე. კომპიუტერი აღმოვაჩინე. მოიცა, ეს ხომ ძალიან მაგარია. აკეთებს იმას, რაც მინდა რომ გააკეთოს.
თუკი შეცდომას უშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ავურიე რაღაც. და არა იმიტომ, რომ არ მოვწონვარ...
ან ჩემი
ეშინია...
ან ფიქრობს, რომ ზედმეტად ჭკვიანი ნაბიჭვარი ვარ...
ან არ მოსწონს, ჭკუას რომ არიგებენ და
თვლის, რომ აქ მისი ადგილი არ არის...
წყეული ბავშვი. თამაშის მეტს არაფერს აკეთებს. ყველანი ერთნაირები
არიან.
შემდეგ კი ეს მოხდა... სამყაროში შესასვლელი კარი გაიღო... მძაფრი ნაკადი სატელეფონო ხაზის გავლით, — როგორც
ჰეროინი ნარკომანის ვენებში, — ელექტრონული იმპულსი გაგზავნილია, თავშესაფარი მუდმივი უსუსურობისგან აღმოჩენილია...
დამაკავშირებელი გზა ნაპოვნია1.
"ეს ის არის... ეს არის ადგილი, რომელსაც
ვეკუთვნი..."
მე აქ ყველას ვიცნობ... მაშინაც კი, თუ მათ არასოდეს შევხვედრივარ, მათთან არასოდეს
მისაუბრია, მათგან შეიძლება აღარაფერი შევიტყო მომავალში... მე თქვენ ყველას გიცნობთ...
წყეული ბავშვი. ისევ
სატელეფონო ხაზს აფერხებს. ყველანი ერთნაირები არიან...
ეჭვიც არ შეგეპაროთ: ყველანი ერთნაირები ვართ... სკოლაში კოვზით გვაჭმევდნენ საბავშვო ფაფებს, მაშინ როცა სტეიკს ვიყავით მოშივებულნი... საჭმლის ნამცეცები, რომლებიც თქვენივე ნებით ჩაყლაპეთ, უკვე დაღეჭილი და გემოგამოცლილი იყო. ჩვენ ან სადისტების ბატონობის ქვეშ ვიმყოფებოდით, ანდა გულგრილთა მიერ ვიყავით უგულებელყოფილნი. რამდენიმე მათგანი, ვისაც რაღაც ღირებულის სწავლება მართლა შეეძლო, ჩვენში მონდომებულ მოსწავლეებს ხედავდა, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან, როგორც წყლის წვეთები ცხელ უდაბნოში.
ახლა ჩვენი სამყარო ასეთია... ელექტრონებისა და ჩამრთველ-ამომრთველების სამყარო, ბოდის2 მშვენიერება. ჩვენ ვიყენებთ უკვე არსებულ სერვისებს და არ ვიხდით ფულს იმაში, რაც შეიძლებოდა წარმოუდგენლად იაფი ყოფილიყო, გაუმაძღრების მიერ რომ არ იყოს მართული, და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ჩვენ ვიკვლევთ... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ჩვენ ვესწრაფვით შემეცნებას... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ერთმანეთის რაობას არ განვსაზღვრავთ კანის ფერით, ეროვნებით, რელიგიური მისწრაფებებით... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. თქვენ ქმნით ატომურ ბომბებს, თქვენ აწარმოებთ ომებს, თქვენ კლავთ, თვალს გვიხვევთ და მოტყუების გზით ცდილობთ დაგვაჯეროთ, რომ ყოველივე ამას ჩვენივე კეთილდღეობისთვის აკეთებთ, და ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ჩვენ გვიწოდებთ კრიმინალებს.
დიახ, მე კრიმინალი ვარ. ჩემს დანაშაულს ცნობისმოყვარეობა ჰქვია. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ადამიანებს მათივე სიტყვებისა და აზრების მიხედვით განვსჯი, და არა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებიან. დამნაშავე ვარ იმაში, რომ თქვენზე ჭკვიანი ვარ, რასაც თქვენ ვერასოდეს მაპატიებთ.
მე ვარ ჰაკერი და ეს ჩემი მანიფესტია. თქვენ შეიძლება შემაჩეროთ მე, მაგრამ ყოველი ჩვენგანის შეჩერებას ვერ შეძლებთ... ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველანი ერთნაირები ვართ.
„კომუნიკაციის გზა ნაპოვნია“ - ორიგინალში: "a board is found" - მოცემულ კონტექსტში, სიტყვა „board“ აღნიშნავს პოპულარულ ონლაინ საკომუნიკაციო სისტემას, Bulletin Board System (BBS)-ს, რომელიც იმხანად ფართოდ გამოიყენებოდა. ↩
ბოდი - სიგნალის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული, რომელიც განისაზღვრება ერთ წამში სასიგნალო ელემენტების რაოდენობით; აღინიშნება სიმბოლოთი Bd. ↩